საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისგან
პატივცემულო ბატონო, ქალბატონო, პირველ რიგში მინდა გადაგიხადოთ მადლობა, იმისთვის, რომ ეწვიეთ ამ საიტს. მსურს მოგახსენოთ, რომ საქართველოს “წითელი ნუსხა” წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ფლორისა და ფაუნის იმ სახეობათა ჩამონათვალს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და დაცვა სჭირდებათ. საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილია საქართველოში გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სახეობები. ამიტომ, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს და ბუნებაში მათ მოპოვებას ან სარგებლობას — საქართველოს კანონი ”წითელი ნუსხისა” და ”წითელი წიგნის” შესახებ ზღუდავს. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მისი შეტანით. იმედი მაქვს, რომ ეს საიტი მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი და უნიკალური წარმომადგენლების შესახებ და წვლის შეიტანს ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს კი ჩვენი ბუნებრივი საუნჯის დაცვის აუცილებელ წინაპირობად მესახება. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის წევრებს და, განსაკუთრებით, კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ დავით თარხნიშვილს, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე, დროს და ენერგიას არ იშურებენ ამ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის. აგრეთვე, მსურს მადლიერება გამოვხატო ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო კვლევით ცენტრ “ნაკრესის” და კრიტიკული ეკოსისტემების პარტნიორობის ფონდის (CEPF), მიმართ, რომელთა ფინანსური თუ ტექნიკური დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ საიტის შექმნა და მენეჯმენტი. და ბოლოს, მინდა მადლიერებით მოვიხსენიო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს გლობალური ფონდი (GEF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), რომლებიც კომისიასა და მთავრობას მხარში ედგნენ ამ საიტის შექმნის სხვადასხვა ეტაპზე. პატივისცემით, გიორგი ხაჩიძე
|